
საკმაოდ ხშირად, პოპულარული კომპოზიციები ეფექტურად გადამღერების შემდეგ სავსებით ახალ, დამაინტრიგებელ ესთეტიკას იძენენ. ამ ტენდენციის განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევებს მაშინ ვაწყდებით, როდესაც როკისა თუ მეტალის ჟანრებში მოღვაწე არტისტები პოპ ჰიტების საკუთარ, საინტერესო ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ.
6.Sonic Youth – Superstar (The Carpenters)
გამოჩენილი ამერიკელი კომპოზიტორების, ლეონ რასელისა და ბონი ბრამლეტის მიერ 1969 წელს დაწერილი სიმღერა Superstar სხვადასხვა დროს არაერთმა არტისტმა შეასრულა, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით პოპ ფოლკ დუეტის The Carpenters ნამუშევარი სარგებლობს. 1994 წელს ამ ჯგუფის თაყვანისმცემლებმა, ეპოქალური როკ ბენდის Sonic Youth წევრებმა კომპოზიციის ეს ბრწყინვალე ქავერ ვერსია სწორედ თავიანთ ლეგენდარულ კოლეგებს მიუძღვნეს.
5.Marilyn Manson – Sweet Dreams (Eurythmics)
ორიგინალური ვერსიებისგან მკვეთრად განსხვავებულ, საგრძნობლად დამძიმებულ ქავერებზე საუბრისას მელომანების დიდ ნაწილს პირველ რიგში სწორედ ეს ჩანაწერი ახსენდება. კონტროვერსიული ამერიკელი არტისტი, მერილინ მენსონი პოპ ჰიტების ინდასტრიალ მეტალის სტილში გადამღერებას ყოველთვის შესანიშნავად ახერხებდა. განსაკუთრებული წარმატებით კი ეს საქმე სინთპოპ დუეტის Eurythmics კომპოზიციის Sweet Dreams (Are Made of This) შემთხვევაში გამოუვიდა.
4.Bruce Springsteen – Stayin’ Alive (The Bee Gees)
პოპულარული ტრიოს The Bee Gees წევრები, ძმები გიბები ბრწყინვალე ვოკალისტებთან ერთად უნიჭიერესი კომპოზიტორებიც გახლდნენ, მათი სონგრაითერული შესაძლებლობების ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება კი უკვდავი დისკო ჩანაწერი Stayin’ Alive გახლავთ. ეს კომპოზიცია ლეგენდარულმა ბრიუს სპრინგსტინმა სავსებით განსხვავებულ, ჰართლენდ როკის სტილში შეასრულა, თუმცა ორიგინალზე არანაკლებ ჩამთრევი და ეფექტური ნამუშევარი რომ გამოუვიდა, მოსმენისას თავადაც დარწმუნდებით.
3.The Bates – Billie Jean (Michael Jackson)
ერთი შეხედვით, პოპ ჰიტის პანკის ესთეტიკაში გადამუშავება დიდი ვერაფერი იდეაა, თუმცა მსგავსი მცდელობები დადებით შედეგით იმაზე გაცილებით ხშირად სრულდება, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდით. ამ მხრივ თვალსაჩინო შემთხვევა პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის კომპოზიციის Billie Jean ქვემოთ წარმოდგენილი ქავერი გახლავთ, რომელიც როკ ბენდს The Bates ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაწერი გერმანული ჯგუფის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად იქცა.
2.Travis – Baby One More Time (Britney Spears)
ამა თუ იმ კომპოზიციის წარმატებით გადამღერებისთვის უამრავი მეთოდი არსებობს, მათ შორის კი განსაკუთრებით ეფექტური ორიგინალისგან რადიკალურად განსხვავებული არანჟირებით შესრულება გახლავთ. ამ ტენდენციის გამორჩეულად შთამბეჭდავი მაგალითის ხილვა ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში შეგიძლიათ, სადაც შოტლანდიური ბრიტპოპ ბენდი Travis ამერიკელი ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის დენს პოპ ჰიტის Baby One More Time აკუსტიკურ ვერსიას ასრულებს.
1.Yngwie Malmsteen – Gimme! Gimme! Gimme! (ABBA)
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოპ კოლექტივის, ABBA-ს ჩანაწერები სხვადასხვა ეპოქაში ასეულობით არტისტმა გადაამღერა. თუმცა, ვეჭვობით, რომ მათი ნამუშევრის ასეთ არაორდინარულ, თანაც ძალზე ეფექტურ ქავერს იშვიათად თუ წააწყდებოდით. შვედური ჯგუფის ჩანაწერი Gimme! Gimme! Gimme! მათმა თანამემამულე გიტარისტმა, ინგვეი მალმსთიინმა ნეოკლასიკური მეტალის სტილში მისთვის ჩვეული ვირტუოზობით შეასრულა.
წყარო:Popmusic
