როკ მუსიკის ისტორიაში პინკი ალბათ ყველაზე უნივერსალური პერსონაჟია. Pink Floyd-ის საკულტო ნამუშევრის The Wall მთავარი გმირი იმ შინაგანი მდგომარეობის სიმბოლოა, რომლის გამოცდაც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევს. დამღლელი სამუშაო დღე, პრობლემები პირად ცხოვრებაში, დეპრესია – ხანდახან საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ უბრალოდ ყველაფერს გაერიდო და კომფორტულ უგრძნობლობაში უსმინო პინკის ყველაზე გულახდილ აღსარებას.
კომპოზიციის ტექსტი ბენდის ბასისტისა და ვოკალისტის, როჯერ უოტერსის უსიამოვნო გამოცდილებას უკავშირდება. 1977 წელს ფილადელფიაში მას მუცლის მწვავე ტკივილების გამო ძლიერი მედიკამენტების მიღება მოუწია და ნახევრად გათიშული გავიდა სცენაზე. ალბათ, ამიტომაც იყო სიმღერის თავდაპირველი სათაური The Doctor. სიმღერის ჩაწერის პროცესს თან ხანგრძლივი და მძაფრი დავა ახლდა. ბენდის გიტარისტი და მეორე ვოკალისტი დევიდ გილმორი განსხვავებულ მიქსს მოითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ უოტერსმა გადაწყვიტა, თავად ეკისრა სიმღერის პირველი ნაწილის შესრულება, დევიდის პარტია და სოლოები კი ბოლოში მოექციათ. მოგვიანებით გილმორი იხსენებდა, რომ მათი უკანასკნელი საერთო ნამუშევარი ნათელი (დევიდის) და ბნელი (როჯერის) ნაწილებისგან შედგებოდა. კომპოზიციის უზომო პოპულარობა და ავტორიტეტი პირველ რიგში სწორედ გილმორის დამსახურებაა.
“რა თქმა უნდა, დევიდი რამდენიმე მძლავრ ეფექტს იყენებს, მაგრამ ეს მაინც მისი თითები, მისი სმენა და მისი ვიბრატოა. მეცინება, როდესაც გიტარისტები იგივე მუსიკალური ეკიპირების ხარჯზე ცდილობენ მას მიბაძონ, რადგანაც შინაგან სამყაროს, პიროვნებას ვერ დააკოპირებ”, – ამბობდა “პინკ ფლოიდის” გიტარის ტექნიკოსი ფილ ტეილორი.
ლეგენდარულ დევიდ ბოუისთან ერთად შესრულებული ამ პერფორმანსის შემდეგ, რთულია, მის სიტყვებში ეჭვი შეიტანო.
Comfortably Numb როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიციად ითვლება. ბენდის ფანებმა ის “პინკ ფლოიდის” შემოქმედებაში საუკეთესო ნამუშევრად დააასახელეს, ხოლო ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიაში შეიყვანა. პოპულარობიდან გამომდინარე, Comfortably Numb მრავალი ფილმისა თუ სერიალის საუნდტრეკად გვევლინება, მათ შორისაა The Departed, The Sopranos, Family Guy და სხვა. აქვე, გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ შესრულებას.
როდესაც სცენაზე შენთან ერთად შერლოკ ჰოლმსი გამოდის:
საკმაოდ ხშირად, პოპულარული კომპოზიციები ეფექტურად გადამღერების შემდეგ სავსებით ახალ, დამაინტრიგებელ ესთეტიკას იძენენ. ამ ტენდენციის განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევებს მაშინ ვაწყდებით, როდესაც როკისა თუ მეტალის ჟანრებში მოღვაწე არტისტები პოპ ჰიტების საკუთარ, საინტერესო ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ.
6.Sonic Youth – Superstar (The Carpenters)
გამოჩენილი ამერიკელი კომპოზიტორების, ლეონ რასელისა და ბონი ბრამლეტის მიერ 1969 წელს დაწერილი სიმღერა Superstar სხვადასხვა დროს არაერთმა არტისტმა შეასრულა, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით პოპ ფოლკ დუეტის The Carpenters ნამუშევარი სარგებლობს. 1994 წელს ამ ჯგუფის თაყვანისმცემლებმა, ეპოქალური როკ ბენდის Sonic Youth წევრებმა კომპოზიციის ეს ბრწყინვალე ქავერ ვერსია სწორედ თავიანთ ლეგენდარულ კოლეგებს მიუძღვნეს.
5.Marilyn Manson – Sweet Dreams (Eurythmics)
ორიგინალური ვერსიებისგან მკვეთრად განსხვავებულ, საგრძნობლად დამძიმებულ ქავერებზე საუბრისას მელომანების დიდ ნაწილს პირველ რიგში სწორედ ეს ჩანაწერი ახსენდება. კონტროვერსიული ამერიკელი არტისტი, მერილინ მენსონი პოპ ჰიტების ინდასტრიალ მეტალის სტილში გადამღერებას ყოველთვის შესანიშნავად ახერხებდა. განსაკუთრებული წარმატებით კი ეს საქმე სინთპოპ დუეტის Eurythmics კომპოზიციის Sweet Dreams (Are Made of This) შემთხვევაში გამოუვიდა.
4.Bruce Springsteen – Stayin’ Alive (The Bee Gees)
პოპულარული ტრიოს The Bee Gees წევრები, ძმები გიბები ბრწყინვალე ვოკალისტებთან ერთად უნიჭიერესი კომპოზიტორებიც გახლდნენ, მათი სონგრაითერული შესაძლებლობების ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება კი უკვდავი დისკო ჩანაწერი Stayin’ Alive გახლავთ. ეს კომპოზიცია ლეგენდარულმა ბრიუს სპრინგსტინმა სავსებით განსხვავებულ, ჰართლენდ როკის სტილში შეასრულა, თუმცა ორიგინალზე არანაკლებ ჩამთრევი და ეფექტური ნამუშევარი რომ გამოუვიდა, მოსმენისას თავადაც დარწმუნდებით.
3.The Bates – Billie Jean (Michael Jackson)
ერთი შეხედვით, პოპ ჰიტის პანკის ესთეტიკაში გადამუშავება დიდი ვერაფერი იდეაა, თუმცა მსგავსი მცდელობები დადებით შედეგით იმაზე გაცილებით ხშირად სრულდება, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდით. ამ მხრივ თვალსაჩინო შემთხვევა პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის კომპოზიციის Billie Jean ქვემოთ წარმოდგენილი ქავერი გახლავთ, რომელიც როკ ბენდს The Bates ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაწერი გერმანული ჯგუფის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად იქცა.
2.Travis – Baby One More Time (Britney Spears)
ამა თუ იმ კომპოზიციის წარმატებით გადამღერებისთვის უამრავი მეთოდი არსებობს, მათ შორის კი განსაკუთრებით ეფექტური ორიგინალისგან რადიკალურად განსხვავებული არანჟირებით შესრულება გახლავთ. ამ ტენდენციის გამორჩეულად შთამბეჭდავი მაგალითის ხილვა ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში შეგიძლიათ, სადაც შოტლანდიური ბრიტპოპ ბენდი Travis ამერიკელი ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის დენს პოპ ჰიტის Baby One More Time აკუსტიკურ ვერსიას ასრულებს.
1.Yngwie Malmsteen – Gimme! Gimme! Gimme! (ABBA)
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოპ კოლექტივის, ABBA-ს ჩანაწერები სხვადასხვა ეპოქაში ასეულობით არტისტმა გადაამღერა. თუმცა, ვეჭვობით, რომ მათი ნამუშევრის ასეთ არაორდინარულ, თანაც ძალზე ეფექტურ ქავერს იშვიათად თუ წააწყდებოდით. შვედური ჯგუფის ჩანაწერი Gimme! Gimme! Gimme! მათმა თანამემამულე გიტარისტმა, ინგვეი მალმსთიინმა ნეოკლასიკური მეტალის სტილში მისთვის ჩვეული ვირტუოზობით შეასრულა.
პოპულარული ბენდების ბოლო კონცერტებს თან განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ახლავს. ამ ღონისძიებათა ნაწილი მუსიკოსებს კარიერის ფინალური აკორდის სახით წინასწარვე ჰქონდათ ჩაფიქრებული, ზოგ შემთხვევაში კი, ამა თუ იმ ეპოქალური კოლექტივის წევრებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ სცენაზე ერთად გამოსვლა უკანასკნელად უწევდათ.
7. Nirvana
1987 წელს ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა თავისი ხანმოკლე მოღვაწეობით პოპულარული მუსიკის სამყაროში წარუშლელი კვალი დატოვა. ამერიკული ჯგუფი გრანჟ რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად იქცა, მათი ჩანაწერები კი დღემდე ათასობით კოლეგის შთაგონების წყაროდ რჩება. ლეგენდარული ტრიოს კარიერას, სამწუხაროდ, 1994 წლის 5 აპრილს კურტ კობეინის თვითმკვლელობასთან ერთად დაესვა წერტილი.
ჯგუფის უკანასკნელი კონცერტი 1994 წლის პირველ მარტს მიუნხენში მდებარე აეროპორტის ანგარში შედგა, რომელსაც მხოლოდ სამი ათასი ადამიანის დატევა შეეძლო და საშინელი აკუსტიკით გამოირჩეოდა. თუმცა, კოლექტივის ჟღერადობისა და ფილოსოფიის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი პრობლემა სულაც არ გამხდარა. ამ ვიდეოში კი ბენდის მიერ ზემოხსენებულ საღამოზე შესრულებულ კომპოზიციას Drain You მოისმენთ.
6.The Beatles
პოპულარული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ბენდმა ზუსტად ათი წელი იარსება. ამ პერიოდში ლივერპულური ოთხეულის წევრები პლანეტის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებად იქცნენ, მათმა შემოქმედებამ კი კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი დაიმკვიდრა. გასაკვირი არაა, რომ ბრიტანული ჯგუფის დაშლა სამოციანების ეპოქის დასასრულის ერთ-ერთ გამორჩეულ სიმბოლოდ მიიჩნევა.
“ბითლზის” უკანასკნელი კონცერტი 1969 წლის 30 იანვარს მულტიმედიური კორპორაციის Apple Corps ოფისის სახურავზე შედგა. ორმოცწუთიანი ღონისძიება, რომლის განმავლობაშიც მუსიკოსებს აკომპანემენტს ამერიკელი კლავიშისტი, ბილი პრესტონი უწევდა, ყოველგვარი ანონსის გარეშე ჩატარდა. შესაბამისად, ქუჩაში გამვლელები და მეზობელ შენობებში მცხოვრები ადამიანები ისტორიულ მოვლენას სრულიად შემთხვევით შეესწრნენ. ლეგენდარულმა ჯგუფმა თავისი ფინალური გამოსვლა ჰიტის Get Back შესრულებით დახურა.
5.Black Sabbath
ბირმინგემში 1968 წელს ჩამოყალიბებული Black Sabbath ჰევი მეტალის პიონერად, ჟანრის ისტორიაში უდიდეს კოლექტივად და მისი თითქმის ყველა ქვემიმდინარეობის წინამორბედად ითვლება. ბრიტანულმა ბენდმა, რომლის შემადგენლობამაც არსებობის განმავლობაში არაერთი ცვლილება განიცადა, სხვადასხვა დროს ათეულობით მილიონი ჩანაწერი გაყიდა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.
ბენდის ფინალური ტურნე The End, რომელიც ოთხმოცდაერთ შოუს მოიცავდა, 2016 წელს დაიწყო და სიმბოლურად მათ მშობლიურ ქალაქში დასრულდა. 2017 წლის 4 თებერვალს გამართული კონცერტის ბოლოს მუსიკოსები ერთგულ თაყვანისმცემლებს ეპოქალური ჰიტის Paranoid შესრულებით დაემშვიდობენ. ჯერჯერობით, კოლექტივის წევრების სცენაზე კვლავ ერთად ხილვის პერსპექტივა ჰორიზონტზე არ მოჩანს, თუმცა გიტარისტი ტონი აიომი მსგავს შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
4.Ramones
ნიუ იორკში 1974 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივის წევრებმა თავიანთი სამაკორდიანი სიმღერებით, ხაზგასმულად პრიმიტიული ჟღერადობითა და ნონკონფორმისტული ფილოსოფიით როკ-ენ-როლის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გადატრიალებას დაუდეს საფუძველი, რომელიც დღეს პანკ რევოლუციის სახელითაა ცნობილი. იმ პერიოდში ე.წ. პროტო-პანკ ბენდები უკვე მრავლად არსებობდნენ, თუმცა “რემოუნსის” მსგავსი იქამდე არავის არაფერი ენახა და მოესმინა.
ეპოქალური ჯგუფის ბოლო კონცერტი 1996 წლის 6 აგვისტოს ლოს ანჯელესში გაიმართა. ღონისძიებაზე მუსიკოსებთან ერთად მათი არაერთი ცნობილი კოლეგა გამოვიდა, მათ შორის, ლემი კილმისტერი (Motörhead), ტიმ არმსტრონგი (Rancid), კრის კორნელი (Soundgarden) და სხვა. აღსანიშნავია, რომ კოლექტივმა უკანასკნელი გამოსვლა საკუთარი კომპოზიციის ნაცვლად ბენდის Dave Clark Five ჰიტის Anyway You Want It ქავერით დახურა, რომლის შესრულებისას მას პარტნიორობა Pearl Jam-ის ფრონტმენმა, ედი ვედერმა გაუწია.
3.Queen
ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის ბოლო ტურნე, რომელშიც კლასიკური შემადგენლობის ოთხივე წევრმა მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით მასშტაბური და შთამბეჭდავი გამოდგა. 1986 წლის 7 ივნისს დაწყებულ, თერთმეტ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ კონცერტების სერიას ჯამში დაახლოებით მილიონი ადამიანი დაესწრო, ბენდის გამოსვლამდე კი სცენას ისეთი პოპულარული ჯგუფები იკავებდნენ, როგორებიცაა INXS, Status Quo, Marillion, The Bangles და სხვა.
Queen-ის უკანასკნელი პერფორმანსი 1986 წლის 9 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სტივენიჯში შედგა. იმავე წლის ოქტომბერში კოლექტივის ფრონტმენს, ფრედი მერკურის შიდსის დიაგნოზი დაუსვეს. ეს უკანასკნელი ხუთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, მცირე ხანში კი ჯგუფის შემადგენლობა ჯონ დიკონმაც დატოვა. ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი Queen-ის სახელით კონცერტებს დღემდე სხვა ვოკალისტებთან ერთად მართავენ, თუმცა რამდენად მართებულია მსგავსი რამ ფრედისა და ჯონის გარეშე, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ.
2.Pink Floyd
1965 წელს ჩამოყალიბებული Pink Floyd სამართლიანად ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს როკ კოლექტივად. დაარსებიდან სამ წელიწადში ჯგუფი მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სიდ ბარეტმა დატოვა, რომლის ადგილიც დევიდ გილმორმა დაიკავა. 1985 წელს ლეგენდარული ბენდის შემადგენლობიდან დანარჩენ წევრებთან უთანხმოების გამო მისი დე ფაქტო ლიდერი, როჯერ უოტერსი წავიდა, ათი წლის შემდეგ კი პროექტს საბოლოო წერტილი დაესვა.
დაშლის შემდეგ კოლექტივის წევრები კონცერტის ჩასატარებლად რამდენჯერმე შეიკრიბნენ. მათ შორის ერთხელ სიდ ბარეტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, სადაც დევიდ გილმორმა, ნიკ მეისონმა და რიკ რაითმა ერთად დაუკრეს, როჯერ უოტერსმა კი სიმღერა Flickering Flame ცალკე შეასრულა. სრული შემადგენლობით კი ბრიტანული კვარტეტი უკანასკნელად 2005 წლის 2 ივლისს ფესტივალზე Live 8 წარდგა. ოცდაოთხწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე ერთად მდგომმა მუსიკოსებმა სულ ხუთი კომპოზიცია შეასრულეს.
1.Led Zeppelin
ამ ჯგუფის მიერ როკ მუსიკაზე მოხდენილი გავლენის სიტყვებით აღწერა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 1968 წელს ჩამოყალიბებულმა ბენდმა თავისი ინოვაციური, მძიმე ჟღერადობით ჟანრის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა და ჰევი მეტალის ერთ-ერთ პიონერადაც იქცა. სამწუხაროდ, 1980 წელს დრამერი, ჯონ ბონემი ღებინებით გამოწვეული აფიქსიით გარდაიცვალა, რის შემდეგაც დანარჩენმა მუსიკოსებმა კოლექტივის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
ჯგუფის ყოფილმა წევრებმა, ჯიმი პეიჯმა, რობერტ პლანტმა და ჯონ პოლ ჯონსმა წარმატებული სოლო მოღვაწეობა დაიწყეს, 2007 წელს კი Atlantic Records-ის პრეზიდენტის, აჰმეთ ერთეღიუნის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტისთვის ისევ გაერთიანდნენ. ღონისძიების ანონსმა ნამდვილი ფურორი გამოიწვია, ბილეთის შეძენა ოც მილიონზე მეტმა ადამიანმა სცადა. ლონდონში 10 დეკემბერს ჩატარებულ შოუზე ტრიოს პარტნიორობას ჯონის შვილი, ჯეისონ ბონემი უწევდა, რომელიც დღესდღეობით თავადაც წარმატებული დრამერია.