The Doors -Light My Fire

Light My Fire 1966 წელს შეიქმნა და The Doors-ის სადებიუტო ალბომში შევიდა. ეს ერთადერთი კომპოზიცია იყო, რომლის ტექსტიც არა ჯგუფის ლიდერ ჯიმ მორისონს, არამედ გიტარისტ რობი კრიგერს ეკუთვნოდა.

-“ერთ-ერთი რეპეტიციისას მორისონმა გვითხრა, სიმღერები არ გვყოფნის, ამიტომ სახლებში წავიდეთ და შევეცადოთ დავწეროთ. მე ვკითხე, რის შესახებ უნდა ყოფილიყო ეს სიმღერები. მან კი მიპასუხა, რაიმე უნივერსალურზე, რაც ორ წელიწადში არ გაქრება. გადავწყვიტე, ოთხი ელემენტის – ცეცხლის, წყლის, ჰაერის და მიწის შესახებ დამეწერა. საბოლოოდ, The Rolling Stones-ის Play with Fire-ის გავლენით, ცეცხლი ავირჩიე”,- იხსენებს მუსიკოსი.   

სიმღერამ გამოსვლისთანავე “ბილბორდის” ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა და The Doors-ის სავიზიტო ბარათად იქცა. პოპულარობის პიკზე მყოფი ჯგუფი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სატელევიზიო პროექტში, “ედ სალივანის შოუში” მიიწვიეს. პროდიუსერებმა ტექსტში ფრაზის Girl, we couldn’t get much higher (უფრო მაგრად ვერ ვიკაიფებთ), სიტყვებით Girl, we couldn’t get much better (უფრო მაგრად ვერ ვიქნებით) ჩანაცვლება მოითხოვეს. მიზეზად კი ტელეეთერში ნარკოტიკების პროპაგანდის დაუშვებლობა დაასახელეს.

ბენდის თანხმობის მიუხედავად, მორისონმა ცოცხალი შესრულების დროს, ტექსტის თავდაპირველი ვარიანტი იმღერა. შემდგომში მან სალივანს აუხსნა, რომ გამოსვლის დროს ნერვიულობდა და შესწორებული სიტყვები უბრალოდ დაავიწყდა. ამ ინციდენტის შემდეგ, ჯგუფი შოუში მეორედ აღარ მიუწვევიათ.

1968 წელს The Doors-ს 75,000 აშშ დოლარი შესთავაზეს სიმღერის ადაპტირებული ვერსიის “ბიუიკის” მარკის ავტომობილის სარეკლამო რგოლში გამოსაყენებლად. ჯგუფის წევრები შემოთავაზებას დათანხმდნენ ისე, რომ მორისონმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მუსიკოსებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით კი, ნებისმიერი გადაწყვეტილება ბენდის ყველა წევრის თანხმობით უნდა მიღებულიყო. როდესაც მორისონმა რეკლამის შესახებ შეიტყო, მისი ეთერში გაშვების შემთხვევაში, “ბიუიკის” საჯაროდ დამტვრევით დაიმუქრა. შედეგად პროექტი ჩაიშალა.  

Light My Fire 1970 წელს, The Doors-ის მიერ სცენაზე ერთობლივად შესრულებული ბოლო სიმღერა აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ მორისონი გარდაიცვალა. გამოსვლიდან რამდენიმე წელიწადში კომპოზიცია Billboard-ის ასეულში მეორედაც გამოჩნდა. ამის მიზეზი, ხოსე ფელისიანოს მიერ სიმღერის ქავერ-ვერსიის შესრულება გახდა, რომლითაც მან ერთი წლის შემდეგ გრემიც მოიგო. შედეგად, Light My Fire იმ იშვიათ ნამუშევართა შორის აღმოჩნდა, რომლის ორიგინალიც და ქავერ-ვერსიაც ერთდროულად იკავებდნენ პოზიციებს მუსიკალურ ჩარტებში. 

სიმღერის სხვა ქავერებს შორის აღსანიშნავია უელსელი პოპ დივას, შირლი ბეისის მიერ შესრულებული სოულ ვერსია.

და ინგლისური ჯგუფის, UB 40-ის რეგეი ვერსია.

1993 წელს, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში The Doors-ის წარდგენისას, მუსიკოსებმა საკუთარი ჰიტი Pearl Jam-ის ვოკალისტთან ედი ვედერთან ერთად იმღერეს.

წყარო: popmusic

HOTEL CALIFORNIA

როკ ჯგუფ Eagles-ის ეს სიმღერა იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ მისი სახელწოდება ამა თუ იმ მოვლენის აღმნიშვნელ ტერმინადაც კი დამკვიდრდა. ეკონომისტები უცხოურ ინვესტიციებზე ფინანსური რეგულაციების ნეგატიურ გავლენას “სასტუმრო კალიფორნიის ეფექტს” უწოდებენ. ეს სახელი დაარქვეს აგრეთვე ერაყის ომის დროს ამერიკული შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ სამხედრო ოპერაციას და ა.შ. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს.  1977 წელს გამოცემული Hotel California “იგლზის” კარიერაში ყველაზე წარმატებული ჩანაწერი, ქართველ მსმენელთა უდიდესი ნაწილისათვის კი ის ერთადერთი სიმღერაა, რომელსაც ამ ამერიკული ბენდის შემოქმედებიდან იცნობენ. 

კომპოზიციას ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაცია უკავშირდება. ზოგის  აზრით, სიმღერის ტექსტი რეალურად არსებული, დაწყევლილი სასტუმროს ამბითაა შთაგონებული. ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს უბრალოდ მელანქოლიური გრძნობების  გადმოცემის მცდელობაა. სინამდვილეში, სიმღერის ტექსტი ე.წ. ამერიკული ოცნების სიყალბესა და სიმყიფეს ეხება. “იგლზის” წევრები საზოგადოების საშუალო და ღარიბი ფენიდან გამოსული ბიჭები იყვნენ, რომლებმაც თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციაში ლოს ანჯელესის ჰედონისტური, დაუნდობელი სამყარო ასახეს. მოგვიანებით, ჯგუფის ვოკალისტმა დონ ჰენლიმ ისიც აღნიშნა, რომ სიმღერა უმანკოების ასაკიდან გამოსვლასა და მწარე ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ზიარებაზე მოგვითხრობდა. 

არსებობს მოსაზრება, რომ Hotel California-ში გამოყენებული გიტარის რიფი ლეგენდარული როკ ჯგუფის, Jethro Tull-ის კომპოზიციიდან We Used to Know იქნა აღებული. ეს ეჭვი თავად ამ ბენდის ფრონტმენმა, იენ ანდერსონმაც დაადასტურა. მისი თქმით, 1972 წელს “იგლზი” მათთან ერთად ამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა და ადვილი შესაძლებელია, რომ მუსიკოსებს სიმღერის მელოდიისთვის ერთ-ერთი რეპეტიციისას მოეკრათ ყური.

დასკვნა შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ:

ორიგინალური ნაწარმოებია თუ კარგად შენიღბული პლაგიატი, ფაქტი ფაქტად რჩება – Hotel California ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტია როკ მუსიკის ისტორიაში, გიტარების ეფექტური პარტიით, შთამბეჭდავი ვოკალითა და შესანიშნავი ტექსტით.

წყარო:https://popmusic.ge/

Radiohead-Creep

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის სადებიუტო სინგლი Creep 1992 წელს ჩაიწერა. თუმცა, მსოფლიო ჰიტი სიმღერა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენდის პირველი ალბომის Pablo Honey გამოსვლისას გახდა.   ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის სადებიუტო სინგლი Creep 1992 წელს ჩაიწერა. თუმცა, მსოფლიო ჰიტი სიმღერა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენდის პირველი ალბომის Pablo Honey გამოსვლისას გახდა.   ტომ იორკმა Creep 1987 წელს დაწერა. ექსტერის უნივერსიტეტში სწავლისას, მას ერთ-ერთ ბარში უცნობი გოგონა მოეწონა. საუბრის დასაწყებად გამბედაობა იყო საჭირო, რომლის მოსაკრებადაც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობმა არტისტმა ბარმენს რაიმე მაგარის დასხმა სთხოვა.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ტომი დათვრა, გოგონა კი ბარიდან ისე წავიდა, მუსიკოსმა მისთვის ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. I wish I was special, so fucking special, but I’m a creep, – როგორც ჩანს, “რედიოჰედის” ლიდერი მაშინ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა საკუთარ განსაკუთრებულობას. 

სიმღერის მელოდია მანჩესტერული პოპ როკ ბენდის, The Hollies-ის მიერ 1972 წელს ჩაწერილი კომპოზიციიდან The Air That I Breathe არის აღებული. “რედიოჰედის” წევრებმა გულწრფელად აღიარეს, რომ “ქრიფის” მცირე მონაკვეთი მართლაც ამ ნამუშევრიდანაა ნასესხები და ალბერტ ჰამონდსა და მაიკ ჰეზლვუდს საავტორო ჰონორარიც გადაუხადეს.

90-იანების დასაწყისში, “რედიოჰედის” ადრეულ კონცერტებზე მსმენელები სწორედ “ქრიფის” მოსასმენად მიდიოდნენ და ბენდის სხვა სიმღერების მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ. ბუნებრივია, მუსიკოსებს ეს არ მოსწონდათ და დროთა განმავლობაში კომპოზიცია სეტლისტიდან გაქრა. სიმღერის საკონცერტო შესრულებებს შორის ყველაზე ხანგრძლივმა პაუზამ 7 წელი შეადგინა – 2009 წლიდან მოყოლებული, “რედიოჰედის” ლაივებზე Creep არ გაჟღერებულა, იმის მიუხედავად, რომ ჯგუფის ფანები წლების განმავლობაში ყველა კონცერტზე ელოდებოდნენ და ჯიუტად ითხოვდნენ მის დაკვრას.
მათი ოცნება მხოლოდ 2016 წელს, პარიზში ასრულდა. ტურნეს A Moon Shaped Pool ფარგლებში ჩატარებული კონცერტის დროს, ყველასთვის მოულოდნელად, სცენიდან საყვარელი ჰანგები გაისმა.

სიმღერის არაერთი ქავერი არსებობს.  მათგან აღსანიშნავია ბელგიური კოლექტივის Scala and Kolacny Brothers ულამაზესი ვერსია.

2008 წელს, კოაჩელას ფესტივალზე “ქრიფი” ლეგენდარულმა ამერიკელმა მომღერალმა პრინსმა შეასრულა. 

2015 წელს კი, სიმღერის რეტრო ინტერპრეტაცია პროექტმა Postmodern Jukebox შემოგვთავაზა.

2018 წელს საქართველოს X Factor-ში გიორგი ფუტკარაძემ და ლუკა ზაქარიაძემ შეასრულეს Creep, რის შემდეგაც იგი X Factor Global-ზე გავრცელდა და მსოფლიო დაიპყრო.

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე